ლეგენდის მიხედვით, ღმერთმა სამყარო და ის კუთხე, რომელიც თავისთვის ჰქონდა გადანახული, ქართველებს არგუნა. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ამ მიწაზე უძველეს ევროპელთა წინაპრები სახლობდნენ. სწორედ ამ ხალხმა დაიწყო უსასრულო მიგრაცია პლანეტაზე და მოიცვა დედამიწის სხვადასხვა კონტინენტი. ეს მიწა ანტიკური ხანიდან იზიდავდა მოგზაურებს თავისი მითიური სიმდიდრით. ბერძენი არგონავტები ოქროს საწმისის საძიებლად მოადგნენ ანტიკური კოლხეთის სანაპიროს. უდიდესი დამპყრობლები მოემართებოდნენ თავიანთი არმიებით ამოუცნობი იბერიის დასაპყრობად. საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის პოეტები და მთხრობელები ამკობენ კავკასიის უმშვენიერეს მთებში გაშლილი ქვეყნის სილამაზეს. და ახლა, თქვენ გაქვთ შანსი ეზიაროთ კულტურას, რომელიც მრავალი ათასწლეულის მანძილზე იქმნებოდა. ეგზოტური გაჩვენებთ პატარა სახელმწიფოს დიდ ისტორიას, რომელსაც გააჩნია ორასზე მეტი მუზეუმი, და სხვადასხვა დროის 12 000-მდე ძეგლი, მათ შორის ის ობიექტები, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში არიან. ამ მემკვიდრეობის დაცვა ყოველთვის უკავშირდებოდა ეროვნული იდენტობის გრძნობას ქართველ ხალხში. ქართველები დააფასებენ ინტერესს, რომელიც გამოიჩინეთ მათი ტრადიციების მიმართ და გადაგხდიან ჩვეული, განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით. მაშ ასე, ვიწყებთ მოგზაურობას!
1 დღე. საქართველოში ჩამოსვლა
2 დღე. ტური: თბილისი - მცხეთა - თბილისი
3 დღე. ტური: თბილისი - სიღნაღი - გურჯაანი - თელავი - თბილისი
4 დღე. ტური: თბილისი - გორი - უფლისციხე - სათაფლია - ქუთაისი
5 დღე. ტური: ქუთაისი - გონიო - ბოტანიკური ბაღი - ბათუმი
6 დღე. ტური: ბათუმი - ბორჯომი
7 დღე. ტური: ბორჯომი - ახალციხე - ვარძია - თბილისი
8 დღე. ტური: თბილისი - სტეფანწმინდა - თბილისი
9 დღე. ტური: თბილისი - ბოლნისი - დმანისი - თბილისი
10 დღე.საქართველოს დატოვება
ხანგრძლივობა: 10 დღე / 9 ღამე;
გასავლელი გზა: 2400 კილომეტრი;
ღამის გათევის ადგილები: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ბორჯომი.
ტურის მარშუტი:
1 დღე. საქართველოში ჩამოსვლა
ტრანსფერი აეროპორტიდან თბილისში და სასტუმროში განთავსება. თავისუფალი საღამო, იმისთვის რომ პირველად გახვიდეთ დედაქალაქის ქუჩებში, იხილოთ ქალაქის ღამის ცხოვრება და დაიწყოთ ცნობილი ქართული სამზარეულოს ორიგინალური კერძების დაგემოვნება. ეს გამოცდილება უდავოდ დაგეხმარებათ მოემზადოთ შემდეგი დღის შთაბეჭდილებებისთვის, ის კი იქნება ძალიან, ძალიან მრავალფეროვანი...
2 დღე. ტური: თბილისი - მცხეთა - თბილისი
საქართველოს დედაქალაქი უძველესი დროიდან წარმოადგენდა კავკასიის პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრს. თბილისის კედლებს ახსოვს ხარაზები, ჰუნები, ბიზანტიელები, სპარსელები, მონღოლები, არაბები, თურქ-სელჩუკები და თურქ-ოსმანები. თბილისის გარეგნულ სახეს, ტრადიციებსა და ღირებულებებზე თავის კვალს ტოვებდნენ სხვადასხვა ეროვნების, ცივილიზაციისა და კონფესიის წარმომადგენლები, რომლებიც ჩამოდიოდნენ აქ, როგორც დიდი სავაჭრო გზების გადაკვეთის ადგილზე. ასე მიიღო თბილისმა ტოლერანტობისა და კეთილმეზობლობის პრიცნიპზე დაფუძნებული მულტიკულტურული ქალაქის უნიკალური სახე. ჩვენ მის დათვალიერებას ისტორიული ცენტრიდან დავიწყებთ.
აბანთუბანი - გოგირდის აბანოების უბანი. ის გაშენდა თერმული წყლების დინების ადგილას, თავად ქალაქის დაარსებაც ამ ადგილზე, თერმულ წყლებს უკავშირდება. თქვენ გაიგებთ ქალაქის ისტორიას, მოისმენთ ლეგენდას ვახტანგ გორგასლისა და ხოხბის შესახებ, რის შემდეგაც ახვალთ ციხე-ქალაქ ნარიყალაზე. ძველი ციხე-ქალაქის კედლებიდან იშლება მდინარე მტკვრის ხეობის და თრიალეთის ქედის განტოტებების ულამაზესი პანორამა, რომელთა შორისაც განფენილა თბილისი. შემდეგ ჩვენ გადავინაცვლებთ მტკვრის მეორე ნაპირზე და ვიხილავთ შვეულ კედელზე აღმართულ XIII საუკუნის ულამაზეს მეტეხის ეკლესიას. აქ შეძლებთ გადაიღოთ ძველი ქალაქის ულამაზესი ფოტოები და მოისმინოთ ქალაქის მფარველი წმინდანების ისტორია, რომლებიც სწორედ ამ ტაძრის კედლებთან აწამეს.
ხიდის თავში აღმოვჩნდებით ფრანგი მოგზაურის, ჟან შარდენის სახელობის ვიწრო, კოლორიტულ ქუჩაზე, რომლითაც გახვალთ სიონის საკათედრო ტაძართან. ის XII საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთი დიდი ქართველი მეფის, დავით აღმაშენებლის მიერ არის აგებული. შემდეგ ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩებში გავივლით ანჩისხატის ბაზილიკასთან, რომელიც ქალაქში შემორჩენილთაგან უძველესია და VI საუკუნით თარიღდება. ამ ტაძარში იყო დასვენებული ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - ანჩის ხატი და ეკლესიაც მის სახელს ატარებს. თავად ამ სასწაულმოქმედ ხატს თქვენ იხილავთ მოგვიანებით, როდესაც საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ოქროს ფონდს დავათვალიერებთ.
შემდეგ გველოდება მცირე მოგზაურობა მცხეთაში. მცხეთა საქართველოს დედაქალაქი გახლდათ თბილისის დაარსებამდე. მცხეთის ისტორია 2500 წელს ითვლის. ეს ქალაქი, ისტორიულ ძეგლთა სიმრავლის გამო, რომელიც შესულია იუნესკოს ჩამონათვალში, ხშირად მოიხსენიება, როგორც „საქართველოს იერუსალიმი“. აქ თქვენ იხილავთ მსოფლიო არქიტექტურის ერთ-ერთ შედევრს - ჯვრის მონასტერს, რომელიც VI საუკუნის ბოლოსაა აგებული. იგი ორგანულად ერწყმის პეიზაჟს და დღემდე გვაოცებს არქიტექტურული ფორმებით. აქედან იშლება მთის მწვერვალების და 2 მდინარის შესართავთან მდებარე მცხეთის ულალაზესი პანორამა.
ჯვრის მონასტრიდან დაშვების შემდეგ, თქვენ გახვალთ ძველი მცხეთის თვალწარმტაც, ვიწრო ქუჩებში, რომლებიც სუვენირებითა და ხალხური რეწვის ნიმუშების დახლებითაა სავსე. ჩვენ მივემართებით XI საუკუნის დიდებული ტაძრის, სვეტიცხოველისკენ. აქ მოისმენთ ლეგენდას წმინდა სიდონიასა და სიცოცხლის ხეზე - სვეტიცხოველზე. ნახავთ მეფეთა საფლავებს და უძველეს ფრესკებს. შეძლებთ შეეხოთ საქართველოს წმინდა რელიქვიებს. ამით დღის პროგრამა სრულდება და დროა დავბრუნდეთ თბილისში.
3 დღე. ტური: თბილისი - სიღნაღი - გურჯაანი - თელავი - თბილისი
საქართველო ღვინის სამშობლოდ ითვლება და დღეს ჩვენ ვეწვევით ქვეყნის მეღვინეობით განთქმულ კუთხეს. ჩვენ გველის კახეთი და ალაზნის ველის განთქმული ვენახები. ამ მოგზაურობის პირველი პუნქტია სიღნაღი - სიყვარულის ქალაქი. თავდაპირველად, ვეწვევით საეპარქიო კომპლექსს - ბოდბეს. მისი ღირსშესანიშნაობაა დედათა მონასტერი, ორიგინალური სამრეკლოთი და ძვირფასად მოხატული IX საუკუნის საყდრით. საკურთხევლის მიმდებარედ მდებარეობს წმინდა ნინოს საფლავი, რომლის ღვაწლითაც 327 წელს ქრისტიანობა იქცა სახელმწიფო რელიგიად საქართველოში. სიღნაღში მოგიწევთ გაიხსენოთ, რომ იმყოფებით საქართველოში და არა სადღაც სამხრეთ იტალიაში. თუმცა გამორჩეული ქართული კოლორიტი ამის ორიენტირებაში დაგეხმარებათ. ქალაქს ირგვლივ შემოვლებული აქვს ციხის კედლები, რომლის ქონგურებიდან იშლება ალაზნის ველისა და კავკასიონის მათვარი ქედის უმშვენიერესი ხედი. ადგილობრივ მუზეუმში, გამოფენილია დიდი ქართველი მხატვარ-პრიმიტივისტის, ნიკო ფიროსმანის ორიგინალი ნახატები.
შემდგომი გზა უფრო ღვინის მარნებში ლაშქრობას დაემსგავსება. სოფლის სახელები ამ მხარეში ღვინის ცნობილ ბრენდებს ემთხვევა. ამ სოფლებში სხვა ღირსშესანიშნაობებსაც ვნახავთ. ერთ-ერთი მათგანია გურჯაანის რაიონში ტყიან ხეობაში მდებარე ყოვლადწმინდის სახელობის ეკლესია. იგი VIII საუკინეს განეკუთვნება და ორ გუმბათოვანი კოშკით მსფლიოს ყველა ბაზილიკური ეკლესიისგან გასხვავდება.
მომდევნო გაჩერება გვექნება წინანდალში. მუზეუმის დიდებულ ბაღში დაიწყო ნინო ჭავჭავაძისა და ცნობილი რუსი პოეტის ალექსანდრე გრიბოედოვის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია. შორიდან მოსჩანს ალავერდის მონასტერი. XI საუკუნის დასაწყისის ეს ისტორიული ძეგლი დიდებულად გამოიყურება ალაზნის ველისა და კავკასიონის თოვლიანი მწვერვალების ფონზე. იგი ერთ-ერთია ოთხ უძველეს საკათედრო ტაძარს შორის და სიმაღლითაც ყველას აღემატება. განცვიფრების გრძნობა გაგყვებათ იყალთოს მონასტრამდე, სადაც XII-XVII საუკუნეებში მოქმედებდა სახელგანთქმული აკადემია. აქ შემორჩენილია საქართველოში ყველაძე ძველი საწნახელი - ყურძნის საწური მოწყობილობა. ამ დღის შთაბეჭდილებებს გაამძაფრებს შუამთის დედათა მონასტრის სილამაზე. ტყიან მთებში შემალულ ამ ძეგლს თბილისისკენ მომავალნი, მზის ჩასვლის ფონზე ვიხილავთ.
4 დღე. ტური: თბილისი - გორი - უფლისციხე - სათაფლია - ქუთაისი
გსურთ გაეცნოთ XX საუკუნის ყველაზე ძლევამოსილ ფიგურას? სტალინის ცხოვრების გზა და მისი პირადი ნივთები თქვენს წინაშე აღმოჩნდება ქალაქ გორში. იგი სტალინის სამშობლოა. მუზეუმში გაეცნობით იოსებ ჯუღაშვილის ბავშვობის, ყრმობისა და პოლიტიკური კარიერის ამსახველ დოკუენტებს. მუზეუმის მიმდებარედ პატარა სახლი დგას, სადაც დაიბადა რევოლუციონერი „კობა“ და იქვე დგას ვაგონი, რომლითაც მგზავრობდა იალტისა და თეირანის კონფერენციებზე. ყოველივე ამას მთიდან დასცქერის გორის ციხე, ერთ-ერთი უდიდესი ფორტიფიკაციული ნაგებობა საქართველოში.
გორიდან თქვენ 3000 წლით უკან გადაინაცვლებთ. მტკვრის ხეობაში, მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს უფლისციხე - ერთ-ერთი უძველესი ქალაქი საქართველოში. უფლისციხე კლდეში ნაკვეთი ქალაქია. მისი ისტორია იწყება ადრეული რკინის ხანაში. იგი იყო კულტურილი ცენტრი, რელიგიური დედაქალაქი წარმართულ საქართველოში. შემდეგ იქცა ძველი სარწმუნოებისა და მომავალი ქრისტიანობის გააფრთრებული ბრძოლის ცენტრად. ამ უნიკალურმა ქალაქმა რამდენჯერმე განვცლო აღორძინებისა და დაცემის ხანა, სანამ XIX საუკუნეში მთლიანად დაიცლებოდა მოსახლეობისგან. აქ შემორჩენილია 3 ათასწლეულის განმავლობაში ნაგები არქიტექტურული და საკულტო ნაგებობების ნანგრევები.
აი, უკან დარჩა ხვეული აღმართი გზები და ჩვენ ქალაქ ქუთაისში შევდივართ. ეს გახლავთ საპარლამენტო დედაქალაქი და სიდიდით მეორე ქალაქი საქართველოში. უპირველესად გავემართებით ბაგრატის ტაძრისკენ. ბაგრატის ტაძარი, რომელიც X-XI საუკუნეების მიჯნაზეა აგებული ახალი სიტყვაა კავკასიის ხუროთმოძღვრებაში და შეტანილია იუნესკოს მსოფლიო საგანძურთა სიაში. მსოფლიო საგანძურის კიდევ ერთი ძეგლი - გელათის სამონასტრო კომპლექსი კავკასიაში საუკეთესო მოზაიკით გამოირჩევა. ამ მონასტერში განისვენებს საქართველოს უდიდესი მეფე, დავით აღმაშენებელი. XII საუკუნიდან აქ მოქმედებდა აკადემია, რომელსაც თანამედროვენი „მეორე ათონად“ მოიხსენიებენ. აქ ბერი-ნეოპლატონელები ღვთისმეტყველებასთან ერთად საერო მეცნიერებებსაც ასწავლიდნენ.
და კიდევ ერთი მოგზაურობა დროში. ამჯერად 70 000 000 უკან დავბრუნდებით. სათაფლიას მღვიმეში შემორჩენილია უძველეს რეპტილიათა გაქვავებული კვალი. მათ შორისაა ტირანოზავრის ნაფეხურები. ნაკვალევები აქ მრავლადაა და ისინი მკაფიოდ მოსჩანან. ირგვლივ გაქვავებული კედლებია. ეცადეთ, არ შეშინდეთ. ხეებს შორის რეზინის დინოზავრები ცოცხლებივით გამოიყურებიან. ბილიკით გავივლით კლდის ძირში, სადაც ადრე უამრავი ფუტკარი ბინადრობდა და მოსახლეობა სარგებლობდა აქაური თაფლით. აქედან ჩავალთ კარსტრულ მღვიმეში. ნოტიო, ცივ მღვიმეს ამშვენებს ლამაზად განათებული სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების ჩამონაღვენთი, მღვიმეში აღმოაჩენთ ქვის უზარმაზარ გულს. ზედაპირზე ამოსვლისას მოვხვდებით გადასახედ მოედანზე, რომელიც ჩამქრალი ვულკანის ზედაპირზეა მოწყობილი. აქედან შეგიძლიათ ქუთაისის პანორამა გადაიღოთ.
5 დღე. ტური: ქუთაისი - გონიო - ბოტანიკური ბაღი - ბათუმი
ამ დღეს ჩვენ ლეგენდარული კოლხეთის მიწაზე ვიმოგზაურებთ. საჩქაროსნო მაგისტრალს მივყავართ შავ ზღვამდე - ძველი ბერძნების სტუმართმოყვარე ზღვამდე. ჩვენ გავივლით ზღვისპირეთის რამდენიმე კურორტს და მოვაღწევთ მთავარ საპორტო ქალაქ ბათუმამდე. ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქია და სწრაფად მზარდი ტურისტული ცენტრი. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ამ მარგალიტს გავიცნობთ, ვესტუმრებით ბათუმს, ბოტანიკური ბაღის მწვანე სამეფოს.
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბოტანიკური ბაღი მწვანე კონცხის მთის ფერდზეა გაშენებული. იგი მოიცავს 9 ფლორისტულ განყოფილებას: სამხრეთ კავკასიის სუბტროპიკებს, ხმელთაშუა ზღვას, ჰიმალაის ტყეს, ავსრალიისა და ახალი ზელანდიის ბარდებს, აღმოსავლეთ აზიის მცენარეებს, და ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მცენარეებს მექსიკის ჩათვლით. ეს არის ხუთასამდე სახეობა და მრავალსახეობა განსაცვიფრებელი მცენარეებისა განთავსებულია 113 ჰექტარზე. ბოტანუკური ბაღიდან იშლება სანაპირო ზოლის ულამაზესი ხედი.
ისევ ვუბრუნდებით ანტიკურ ხანას. მდინარე ჭოროხის ხეობაში, თურქეთის საზღვართან რამდენიმე კილომეტრში სოფელ გონიოს მახლობლად მდებარეობს ციხე-სიმაგრე აფსაროსი (გონიოს ციხე). ოდესღაც ის იყო რომის იმპერიის უკიდურესი აღმოსავლეთის ფორპოსტი. შემდეგ ეკუთვნოდა ბიზანტიას, ხოლო მოგვიანებით გენუის სავაჭრო ფაქტორიას წარმოადგენდა, სანამ ოსმალეთის იმპერია დაიპყრობდა მას. აფსაროსი ცნობილი იყო თავისი თეატრითა და იპოდრომით. ციხის კედლებს შიგნით შემორჩენილია რომაული წყალსადენი სისტემა კერამიკული მილებით. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს უბრალო საფლავი ლითონის ჯვრით, რომელიც ერთ-ერთი ვერსით ქრისტეს მოციქულის, თომას საფლავია.
ახლა კი ბათუმის გაცნობის დრო დადგა. თავისუფალი საღამო გვაძლევს საკურორტო ქალაქის შარმით დატკბობისა და სამახსოვრო სუვენირების შეძენის საშუალებას. სასტუმროში დაბინავების შემდეგ გთავაზობთ ეწვიოთ უმშვენიერეს ზღვისპირა პარკს მომღერალი შადრევნებით. 8 კილომეტრზე გადაჭიმულ ბულვარში თქვენ გასართობების, რესტორნებისა და ბუნგალოების დიდი არჩევანი გეძლევათ. ბულვარის სიდიდე ნუ შეგაშინებთ - პლაჟის გაყოლებაზე ყველგან შეგიძლიათ იქირავოთ მოსახერხებელი ველოსიპედები.
6 დღე. ტური: ბათუმი - ბორჯომი
რა თქმა უნდა, შეუძლებელია ისე დავტოვოთ ბათუმი, რომ არ შევცუროთ ზღვაში. ამიტომ დღის პირველ ნახევარში გეძლევათ დრო „ექვსინის პონტოს“ თბილ ტალღებში საბანაოდ. ქვიან პლაჟზე თქვენ გელოდებათ მოხერხებული შეზლონგები. ზღვის აბაზანის შემდეგ თქვენ გელით კიდევ ერთი, ამჯერად, ბალნეოლოგიორი კურორტი. ჩვენ დავტოვებთ აჭარის სუბტროპიკებს და დავუბრუნდებით ცენტრალურ რეგიონს. პატარა ქალაქი ბორჯომი მსოფლიოში ფართოდაა ცნობილი, პირველ რიგში ვულკანური წარმოშობის მინერალური წყლით. ბორჯომის მინერალური წყალი შედგება 60 ნივთიერების კომპოზიციისგან და ცნობილია სამკურნალო თვისებებით. „ბორჯომს“ იღებენ კუჭ-ნაწლავისა და თირკმელების დაავადებებისას, აგრეთვე ნივთიერებათა ცვლის მოშლისა და ნაღვლის სადინარების დაავადებებისას. გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი გზებისა და ნერვული სისტემის პრობლემების დროს ამ წყალს იღებენ გარეგანი სახით. ბორჯომის სასწაულმოქმედი თვისებების შესახებ ქართველებმა იცოდნენ 2000 წლის წინ, ამიტომ წყაროების ირგვლივ ქვის აბანოები ააშენეს, რომელთა ნანგრევები ჩვენს დრომდე შემორჩა.
მინერალური წყლის დეგუსტაციას ჩვენ ჩავატარებთ ბორჯომის პარკში, რომელიც არის ნაწილი ევროპაში ყველაზე დიდი ნაკრძალისა. პარკში არის ფანჩატური მინერალური წყაროთი, რომელიც ამოდის 8 კილომეტრის სიღრმიდან. აქვე შეგვიძლია გადავიღოთ ფოტო გიგანტური ზომის ვაზთან. შემდეგ გავისეირნებთ პარკში, სადაც არის ატრაქციონები და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მუზეუმის შენობა ადრე წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის რეზიდენციას. ავალთ პარკში მდებარე მთის პლატოზე, საიდანაც იშლება ბორჯომის ხეობის ულამაზესი ხედები.
7 დღე. ტური: ბორჯომი - ახალციხე - ვარძია - თბილისი
დღეს თქვენ გაემგზავრებით სამხრეთ საქართველოში - მესხეთის რეგიონში, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში თურქ დამბყრობლებთან ბრძოლის არენად იყო ქცეული. ამ კუთხის ბუნება მკვეთრად განსხვავდება, საქართველოს იმ ადგილებისგან, რომლებიც თქვენ დღემდე მოინახულეთ. ჩვენი გზა კლდოვან ხეობებს მიუყვება, გაივლის უძველეს ძეგლებს და გარდამხდარი ბრძოლის ველებს, გადაკვეთს ამ კუთხის დედაქალაქს - ახალციხეს - და მიდის საფარის მონასტერთან. მონასტრის ასაშენებლად ისეთი ადგილი შეურჩევიათ, რომლის მიგნებაც მტერს ძალიან გაუძნელდებოდა. სწორედ ამიტომ, მის კედლებზე კარგად არის შემონახული XIV საუკუნის ფრესკები. თავად ტაძრები X და XIII საუკუნისაა. დიდი ეკლესიის ფასადები შემკულია ქვაზე ნაკვეთი ორნამენტებით. ამ ლამაზ ადგილზე მოქმედებს სასულიერო სასწავლებელი და მუდმივად ცხოვრობს რამდენიმე ათეული მორჩილი.
ამის შემდეგ ხერთვისის ციხესთან შევჩერდებით, რომლის აღებას ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელის მეომრები ცდილობდნენ. ამავე სახელობის ქალაქი აქ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე IV საუკუნეში დაარსდა და მემატიანეების მიერ მოხსენიებულია საქართველოს პირველ ქალაქთა შორის. დღემდე შემორჩენილი ციხესიმაგრე მიიჩნევა შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანეს ძეგლად, რომელიც დიდ როლს თამაშობდა იმ პერიოდის რეგიონულ პოლიტიკაში. ეს მრავალშრიანი არქიტექტურული ანსამბლი ნამდვილად დაამშვენებს თქვენს ფოტოალბომს.
ვარძია - XII-XIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი, ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. ეს გახლავთ კლდეშინაკვეთისამონასტროკომპლექსი. მას თავდაპირველად ციხესიმაგრის ფუნქცია ეკისრა, რომელიც საქართველოს სამხრეთის საზღვარს იცავდა. მისი ფასადი ერუშეთის ციცაბო მთის გასწვრივ თითქმის ერთ კილომეტრზეა გადაჭიმული. 1283 წლის ძლიერმა მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა მისი 600-მდე დაწესებულება: ეკლესიები, სამლოცველოები, საცხოვრებელი კელიები, სათავსები, აბანოები, სატრაპეზოები, სახაზინოები, ბიბლიოთეკები. შენარჩუნდა სხვადასხვა დაწესებულების დამაკავშირებელი საიდუმლო გასასვლელი, წყალგაყვანილობისა და სარწყავი სისტემების ნარჩენები. კომპლექსის სხვადასხვა აპარტამენტი კლდეში 50 მეტრის სიღრმემდე შედის და სიმაღლეში 13 სართულს მოიცავს.
ვარძიის საოცრებათა თვალიერებისას თქვენ ფეხს შეადგამთ უძველეს საფეხურებზე, სიღრმეში შეუყვებით გვირაბებს, და მოინუსხებით კომპლექსის მშენებელთა ჩანაფიქრის სიდიადითა და ძალისხმევით, აღფრთოვანდებით ქვის ჭრის ხელოვნებით და დატკბებით მტკვრის ხეობის ულამაზესი ხედით. თქვენ მოისმენთ ლეგენდას თამარზე, რომელიც საქართველოს ოქროს ხანაში მეფობდა, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში იხილავთ თამარ მეფის სამიდან ერთ გამოსახულებას. შეიტყობთ აქაური მონაზვნების ტრაგედიის შესახებ, ვისი წყალობითაც მოაღწიეს დღემდე უნიკალურმა ფრესკებმა. მოისმენთ ბასიანის დიდი ბრძოლის შესახებ, რომლის შედეგმაც დიდი ხნით განსაზღვრა საქართველოს და მთელი რეგიონის ბედი.
ვარძიას დატოვებთ წარსულის დიდებულ საქმეთა თანამონაწილეობის მომნუსხველი შეგრძნებით და აღფრთოვანებულები ჩვენი წინაპრებით. დღის შთაბეჭდილებების გააზრებაში თბილისისკენ მიმავალი, არც თუ ისე მოკლე გზა დაგეხმარებათ.
8 დღე. ტური: თბილისი - სტეფანწმინდა - თბილისი
დილა კარგი დროა იმაზე დასაფიქრებლად, რომ უკვე ერთი კვირაა მოგზაურობთ საქართველოში, ტკბებით კაკვკასიის უშველებელი მთებით, მაგრამ ჯერ არც ერთხელ არ აღმოჩენილხართ ღრუბლებს ზემოთ. ამ სამწუხარო შეცდომას ჩვენ დღეს გამოვასწორებთ. თქვენ გელით დიდი კავკასიონი და გამგზავრება მაღალმთიან საქართველოში. ჩვენი გზა ჩრდილოეთისკენ გაუყვება, საქართველოს სამხედრო გზას, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვრამდე მიდის. მთელი მარშრუტის განმავლობაში თქვენ მთების უმშვენიერესი პეიზაჟებით დატკბებით, ამიტომ ნუ დაგავიწყდებათ დატენოთ ფოტოაპარატის აკუმულატორი.
პირველ ულამაზეს კადრებს თქვენ ჟინვალის წყალსაცავის ნაპირთან გადაიღებთ. თეთრი და შავი არაგვის შესართავთან წყლის უზარმაზარი მასივი ტყით დაფარულ მთებს შორის არის გაშლილი. კაშხლიდან 8 კილომეტრის დაშორებით დგას ანანურის ციხე. არაგვის წყალი XVII საუკუნის ამ უნიკალური ძეგლის კედლებამდე აღწევს. ციხესიმაგრის კედლებს აძლიერებს ორი დიდი და რამდენიმე მომცრო კოშკი, რომლებიდანაც საუცხოო ხედი იშლება. სიმაგრის შიგნით დგას რამდენიმე სამეურნეო ნაგებობა, ორი გუმბათიანი ტაძარი. მთავარი ტაძრის ფასადი მოჩუქურთმებულია ჯვრისა და ვაზის ორნამენტებით.
მალე გზა სულ უფრო და უფრო მაღლა დაიწყებს სვლას. ჯვრის უღელტეხილამდე ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტს - გუდაურს გავივლით. ტყით დაფარული ზონა უკან დარჩა, ირგვლივ ალპური მინდვრებია, რომლებსაც შეფენია ცხვრის ფარა. ხვეული აღმართები უღელტეხილის ყველაზე მაღალ წერტილთან მიგვიყვანს. შემოიცვით რამე თბილი - უფსკრულის პირას. 2 379 მეტრის სიმაღლეზე გადმოსახედი მოედანია მოწყობილი, აქედან შეგიძლიათ გადაიღოთ არაგვის ხეობა და დიდი კავკასიონის მშვენიერი პანორამა. აქ თქვენ ფეხქვეშ დაცურავენ ღრუბლები და დაფრინავენ მთის არწივები.
კიდევ რამდენიმე კილომოეტრი და შეგიძლიათ დააგემოვნოთ რკინის მაღალი შემცველობის მქონე მომჟავო მინერალური წყალი. ეს მინერალური წყალი მთის მწვერვალებიდან იღებს სათავეს, საუკუნეების განმავლობაში მისმა დინებამ წარმოქმნა ულამაზესი ფერების მქონე ტრავერტინები. გვერდიდან ისე ჩანს, თითქოს კლდის ფერდი ნარინჯისფრად არის შეღებილი. აქ იწყება დაშვება უღელტეხილიდან ცნობილი დარიალის ხეობისკენ, რომელსაც ძველად „კავკასიის კარიბჭე“ შეარქვეს. დაიმახსოვრეთ ეს ადგილი, რადგან ახლახან ჩვენ გადავკვეთეთ ევროპისა და აზიის გეოგრაფიული საზღვარი, გადავინაცვლეთ სამხრეთიდან ჩრდილოეთ კავკასიაში. კობის შესასვლელთან გზატკეცილი მდინარე თერგს მიუყვება, რომლის ბობოქარი, მქუხარე დინება არაერთი კლასიკოსი მწერლისა თუ პოეტის შთაგონების წყარო გამხდარა.
ჩვენ მის დინებას გავუყვებით და 20 წუთის შემდეგ დაბა სტეფანწმინდაში შევალთ, რომელსაც 1921 – 2007 წლებში ერქვა ყაზბეგი. აქ ყველაზე გემრიელ ხინკალს ამზადებენ - ამიტომ, ხელიდან არ გაუშვათ ეს შანსი! მითუმეტს, რომ მთის ჰაერი ძლიერ მადას აღძრავს, გემრიელი სადილი კი მშვენიერი საშუალებაა იმისთვის რომ ძალები მოიკრიბოთ გერგეთის მაღალი მთის ხვეულებზე ასასვლელად.
საქართველოს ერთ-ერთი სიმბოლო, XIV საუკუნის წმინდა სამების ტაძარი შეძრავს თქვენს ცნობიერებას თავისი მკაცრი მომხიბვლელობითა და ამ არემარის ველური სილამაზით. თქვენ აუცილებლად დაფიქრდებით იმაზე, თუ რა ტიტანური შრომა უნდა გაეწიათ აქაურ მკვიდრებს, იმისთვის, რომ აღემართათ შუა საუკუნეების არქიტექტურის ამგვარი შედევრი 2 170 მეტრის სიმაღლეზე. თუმცა, ფიქრებს უმალ განდევნის დარიალის ხეობის მომნუსხველი ხედი სამების ტაძრის გალავნიდან. ქვემოთ, სადღაც შორს წევს სტეფანწმინდა, ხეობის მოპირდაპირე მხარეს კი 4 კილომეტრზე მეტი სიმაღლის კლდეა აღმართული. ძნელია სიტყვებით აღწერო ეს პეიზაჟი. ეს უნდა ნახოთ! მაგრამ ყველაზე ძლიერ შთაბეჭდილებას მიიღებთ მაშინ, როდესაც უკან გაიხედავთ.
გერგეთის სამება აღმართულია თოვლიანი მწვერვალის, მყინვარის ფონზე. ეს სწორედ ის მთაა, რომელზეც ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით ღმერთებმა პრომეთე მიაჯაჭვეს, ადამიანებისთვის ცეცხლის მოტაცების გამო. მისი სიმაღლე 5 034 მეტრია, და თოვლი არასოდეს დნება. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას ქართველები - მყინვარწვრს, რაც თარგმანში ყინულოვან მწვერვალს ნიშნავს. ამ მთის ირგვლივ მრავალი ლეგენდა არსებობს. პრომეთეს შესახებ ლეგენდის სხვადასხვა ვერსია არსებობს სხვადასხვა ხალხის: ქართველების, ჩეჩნების, ინგუშების და ოსების ფოლკლორში რომლებიც მყინვარის ჩრდილში ცხოვრობენ.
შეეცადეთ შეინახოთ ცოტაოდენი ადგილი თქვენი ფოტოაპარატის მეხსიერების ბარათზე, ჩვენი მოგზაურობა დღეს ჯერ არ დასრულებულა. სტეფანწმინდაში დაბრუნების შემდეგ თქვენ ულამაზეს სოფელ სნოს მოინახულებთ. იხილავთ ქართველი მთის ხალხის უცნაურ სახლებს. ადგილობრივი ღირსშესანიშნ